არის შემთხვევები, როდესაც მშობლები ვერ ხვდებიან ბავშვის ტირილის მიზეზს. თუ დაწყნარების ნაცადმა ხერხებმა შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ ტირილს შესაძლოა სხვა მიზეზი ჰქონდეს:
- კბილები – პატარები ხშირად ტირიან კბილების ამოსვლის პერიოდში. ეს, ძირითადად 6 – 7 თვის ასაკში ხდება, ტირილი ერთადერთი გზაა გამცნოთ, რომ რაღაც აწუხებს. პირველი კბილის ამოჭრა ყველაზე მტკივნეული შეიძლება იყოს, შემდეგ ბავშვები თითქოს ეჩვევიან და ნაკლებად ტირიან.
- შიმშილი – ბავშვის ტირილის ძირითადი მიზეზია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ახალშობილს ეხება, მათ ყოველ 1 – 2 საათში შივდებათ. მას შემდეგ, რაც წამოიზრდება, მეტს იმოძრავებს და მყარ საკვებზე გადავა, კვებიდან – კვებამდე შუალედებში უფრო მეტად შესაძლოა დაიღალოს და გაღიზიანდეს. წახემსებამ შესაძლოა ენერგია შემატოს და გაახალისოს.
- სჭირდებათ სიყვარული – მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი თქვენს სიყვარულს მუდმივად გრძნობდეს. შესაძლოა, თქვენი განწყობაც იყოს ბავშვის უხასიათობის მიზეზი. ბავშვი ხშირად თქვენს ემოციებზე რეაგირებს, ამიტომ ეცადეთ მასთან მშვიდად იყოთ.
- ავადმყოფობა – შესაძლოა ბავშვი ავადმყოფობის გამო ტიროდეს, ამ დროს ის უფრო ჭირვეულად იტირებს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში. თუ ბავშვი მისთვის უჩვეულო სიმპტომებსაც ავლენს, ექიმი გამოიძახეთ. თუ გაცივდა, ცხვირით სუნთქვა გაუჭირდება, ძუძუს ან პირში ჩადებულ თითს ვეღარ მოწოვს, ამიტომ ჩვეული გზით ვერ დაწყნარდება. შეიძლება ექიმმა სუნთქვის გასაიოლებლად ცხვირის წვეთები გამოუწეროს.
- ახალშობილთა კოლიკა – კოლიკას დღის ერთსა და იმავე დროს (ნაშუადღევს, ან საღამოს) ძლიერი ტკივილი ახასიათებს. ამ დროს ბავშვის დაწყნარება გაგიჭირდებათ. ეს მოვლენა დაახლოებით 3 კვირის ასაკში ჩნდება და 12 – 14 კვირის ასაკამდე გრძელდება. ტირილი შეიძლება სამ საათსაც გაგრძელდეს. თუ ბავშვს ვერ დაამშვიდებთ ექიმს ჰკითხეთ რჩევა, შესაძლოა ტირილი სხვა რამით იყოს გამოწვეული.
- ზედმეტი სიცივე, ან სიცხე – ბავშვი შესაძლოა გარემო პირობების გამოც ტიროდეს. შესაძლოა სციოდეს, ან პირიქით ზედმეტად თბილად ეცვას. ერიდეთ გადახურებას – მეტისმეტად თბილად ნუ ჩააცმევთ. თუ ბავშვს კისერი ოფლიანი აქვს, ესეიგი ძალიან სცხელა.
- ძილის სურვილი – პატარები უამრავ ენერგიას ხარჯავენ, შედეგად იღლებიან და ეძინებათ, თავად კი ვერ ხვდებიან ამას. თქვენ ხელი უნდა შეუწყოთ დასვენებასა და დაძინებაში.
- შიში – თვითგადარჩენის ინსტიქტთან არის დაკავშირებული. პატარებს ბევრი რამ აშინებთ, როგორიცაა: სიბნელე, მკვეთრი ხმაური, უცხო ადამიანები, საგნები. ნუ დააძალებთ მისთვის უცნობ და არასასურველ გარემოში ყოფნას. დაეხმარეთ შიშის დაძლევაში და აგრძნობინეთ რომ მის გვერდით ხართ და მხარს უჭერთ.
- ჭუჭყიანი საფენი – ბავშვის ტირილის ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ტირილი შესაძლოა გამოიწვიოს საფენისგან გაღიზიანებულმა კანმაც.