დაფიქრდით მიზეზებზე, რა იმალება კონკრეტული ისტერიკის მიღმა. შემთხვევითი, სიტუაციური მიზეზია, თუ ამ ყველაფერს სისტემური სახე აქვს, რომელიც შემდგომშიც განმეორდება?
ქვემოთ მოცემული 7 ნაბიჯი დაგეხმარებათ თავად მართოთ სიტუაცია, ბავშვის ისტერიკის გარეშე:
1. ასწავლეთ პატარას შეასრულოს თქვენი დავალებები – დაიწყეთ ისეთი ამოცანებით, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად სურს და ეხალისება, მაგალითად ცეკვა, ან ტაშის დაკვრა, იგი სიხარულით დათანხმდება თქვენს მოთხოვნას, ამასთანავე ნელ – ნელა შეეჩვევა თქვენი მითითებების სისრულეში მოყვანას;
2. მიაჩვიეთ თქვენი თხოვნის სიხარულით შესრულებას – როდესაც პატარას ეძახით, ის თქვენთან უნდა მოდიოდეს, უკეთეს შემთხვევაში – მაშინვე მორბოდეს. დაიწყეთ სიტუაციით, როდესაც ბავშვს ექნება მიზეზი სიხარულით მოირბინოს, მაგალითად როდესაც რაიმე გემრიელს სთავაზობთ, ან სათამაშოდ ეძახით. შემდგომ უკვე სხვა მიზეზით დაუძახეთ, თუ არ მოვა ისევ დაუძახეთ, მიზნის მიღწევამდე და აუხსენით, რომ უნდა მოვიდეს, როდესაც დედა ეძახის. ნუ ეჩხუბებით, წყნარად აუხსენით და აკოცეთ;
3. ისტერიკის გამოვლინების დროს, გააგრძელეთ თქვენი საქმის კეთება – ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მითუმეტეს, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ მართალი ხართ და ბავშვის რეაქციები გადაჭარბებულია. აუხსენით პატარას, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც, ვიდრე თამაში ან სხვა რამ, რასაც თავად ითხოვს. შეაჩვიეთ სიტყვას – „ეს მნიშვნელოვანია”. დაჯექით მის პირისპირ, ხელები მოკიდეთ და აუხსენით, რომ დიდებს ახლა სხვა საქმე აქვთ და მოგვიანებით აუცილებლად ეთამაშებით მას, რადგან „ეს მნიშვნელოვანია”. პატარა თავადაც შეეჩვევა ამ სიტყვას და ახლა თუ არა, მომავალში აუცილებლად დაგიჯერებთ;
4. მოითხოვეთ მინიმუმი – მოსთხოვეთ იმის კეთება, რაც მის შესაძლებლობებს შეესაბამება, მაგალითად, თუ ხვდებით, რომ პატარა საკმარისად გაიზარდა იმისთვის, რომ თავად მიირთვას ფაფა, აიღოს ძირს დავარდნილი ნივთი, აუცილებლად მოსთხოვეთ და მიეცით უფლება თავად გააკეთოს ეს. თუ ხვდებით, რომ თქვენი დავალება გადაჭარბებულია და პატარა ვერ ასწრებს, ან ვერ ახერხებს მის შესრულებას, ეს დავალება სხვა დროისთვის გადადეთ;
5. იყავით თავდაჯერებული დავალების მიცემისას – დაავალეთ პატარას საქმე, როდესაც ამჩნევთ, რომ მისი შესრულება არ გაუჭირდება, ან თავადაც სურს ამის გაკეთება. კარგი იქნება, თუ ბავშვს პატარ – პატარა მოვალეობებს გადააბარებთ და მოსთხოვთ მათ შესრულებას, ამ შემთხვევაში ბავშვი ეჩვევა დამოუკიდებლად მოქმედებას და დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
6. მიეცით რთული და დამოუკიდებელი ამოცანები – მას შემდეგ, რაც ბავშვი მარტივი ამოცანების შესრულებას შეეჩვევა, დავალება შეგიძლიათ უფრო გაართულოთ, კარგი იქნება, თუ რთული დავალებების მიცემა პოზიტიურ ფონზე მოხდება;
7. მოსთხოვეთ გაჩვენოთ შესრულებული სამუშაო – როდესაც პატარა ამას უკვე თავისი ინიციატივით გააკეთებს, შეგიძლიათ იამაყოთ – თქვენს წინაშე უკვე დიდი, პასუხისმგებლობით სავსე ადამიანია!